RUSUDAN SIKHARULIDZE

RUSUDAN SIKHARULIDZE

Attended: Youth Assembly at the United Nations 2018

Location: New York, United States

School: Bank Of Georgia University

Impressions: არ ვიცი, შთაბეჭდილებების გადმოცემა საიდან დავიწყო. მე ვნახე მსოფლიო ქალაქი, სადაც არის უამრავი შესაძლებლობა. ადგილი, სადაც შეგიძლია, მართლა ყველაფერი გააკეთო, პატარა მონდომებითაც კი.

სამი დღე გავატარეთ ნიუ იორკის გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზში, გარემოში, რომელზეც ცოტა ხნის წინ, ვერც კი ვიოცნებებდი. იქაურობის ნახვა მხოლოდ ტელეეთერიდან მეგონა შესაძლებელი, მაგრამ “მომავლის ლიდერების” მეშვეობით შესაძლებლობა მომეცა, სწორედ იქ პირადად გადმომეცა ჩემი სათქმელი.
ამ დარბაზში თავი ვიგრძენი ნამდვილ ლიდერად, ადამიანად, რომელსაც შეუძლია ბევრი რამ გააკეთოს არამარტო თავის გარშემო, მცირე მასშტაბით, არამედ მთელი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის.

მთელი სესიების განმავლობაში უშუალო ურთიერთობა გვქონდა ადამიანებთან, რომლებიც გლობალური მასშტაბით, უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტენ. ისინი გვიზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას, ჩვენთან ერთად მსჯელობდნენ სხვადასხვა თემაზე. განსაკუთრებით სასიამოვნო ის იყო, რომ არ იგრძნობოდა არავითარი ბარიერი ჩვენსა და ასეთ წარმატებულ პირებს შორის.
ამ დამოკიდებულებამ ძალიან გამამხნევა. მივხვდი, რომ მთავარია შემართება, და თუ მართლა მოვინდომებთ, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს იმ ტრიბუნაზე, რომლიდანაც თავის ხმას მსოფლიოს მიაწვდენს; იქ დავიჯერე, რომ თუ საკმარისი გამბედაობა მექნება, მართლა მთებს გადავდგამ.

ყველაზე რთული ჩემთვის ის წამები აღმოჩნდა, როცა შენი სიტყვის დრო მოდის, როცა იცი, რომ ამდენი ხალხის წინაშე უნდა წარსდგე. აქამდე არ მქონია ასე ფართო აუდიტორიის წინ გამოსვლის გამოცდილება და ძალიან ავღელდი, როცა დავინახე, როგორ მოჰქონდათ ჩემთვის მიკროფონი. თუმცა, როგორც კი ხმა ამოვიღე, ნერვიულობა იმ წამსვე გაქრა და ყველაფერი მშვენივრად წავიდა.

ამ პროექტმა ჩემთვის ძალიან ბევრი რამ შეცვალა. პირველ რიგში, ის, რომ თუ ადრე ვფიქრობდი, რომ რაღაცისთვის მზად არ ვარ და სხვამ უნდა გააკეთოს ესა თუ ის რამ ჩემ ნაცვლად, ახლა მივხვდი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ვარ პირადად მე, ისევე როგორც ნებისმიერი პიროვნება 7 მილიარდი ადამიანიდან.
გაეროს ასამბლეამ იმაში დამარწმუნა, რომ მე შემიძლია ვიყო პროცესის წამყვანი და რეალური ლიდერი. ეს გამბედაობა და თავდაჯერებულობა იმდენად სასიამოვნო გრძნობაა, რომ მინდა არც ერთ მსგავს პროექტს არ დავაკლდე. და სადაც შესაძლელობა მექნება, ყველგან დავაფიქსირო ჩემი თუნდაც მცირე სათქმელი.

მინდა ვთქვა, რომ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ერთმა მოწვეულმა სპიკერმა, რომელიც ჩემი თანატოლი იყო და უკვე სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ასამბლეაზე. ძალიან კარგად დამამახსოვრდა მისი წარმატების ფორმულა:
„აკეთეთ ის, რაც იცით. ნუ შეგეშინდებათ აკეთოთ პატარა რამეები, იმიტომ რომ პატარა დეტალებიც ძალიან მნიშვნელოვანია. და მიიღეთ რჩევა უფროსებისგან.“

მომავალ დელეგატებს, პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ კარგად მოემზადონ თავიანთი თემის წარსადგენად. იპოვეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი და საჯაროდ გაიტანეთ. გარდა იმისა, რომ თქვენ აუცილებლად შეგემატებათ გამოცდილება და თავდაჯერებულობა, ასევე იგრძნობთ, საკუთარ წვლილს ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში და ეს საუკეთესო შეგრძნებაა.

რაც მთავარია, აუცილებლად გაიცანით და დაუახლოვდით სხვა დელეგატებს მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნიდან. გაეროს ასამბლეაზე ხომ მართლა ძალიან ჭკვიანი და მოტივირებული ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას. ჩვენ დავუმეგობრდით რამდენიმე დელეგატს, სესიების შემდეგ ერთად ვერთობოდით კიდეც, გავცვალეთ სოციალური ქსელები. ეს კონტაქტები, მერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. სრულიად შესაძლებელია ხვალ, რომელიმე მათგანი თავისი ქვეყნის ლიდერი გახდეს. ეს ის ადამიანები არიან, ვისთან ერთადაც ჩვენ მსოფლიოს შეცვლა შეგვიძლია. ასე რომ, გამოიყენეთ გაცნობისა და დაახლოების შანსი.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო „მომავლის ლიდერების“ ორგანიზატორების განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. ისინი ბოლომდე მხარში გვედგნენ, გვატრენინგებდნენ, გვიმაღლებდნენ მოტივაციას, ზრუნავდნენ ჩვენს განწყობაზე. მომავალ დელეგატებს ვურჩევ, მიჰყვნენ მათ ინსტრუქციას, ჩაერთეთ ორგანიზატორების დაგეგმილ აქტივობებში და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გარანტირებულია! ამ ორგანიზაციამ ჩემთვის შესაძლებლად აქცია ის, რაც აქამდე წარმოუდგენელი მეგონა.

საბოლოოდ კი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა ისაა, რომ ჩვენ წინაშე უამრავი შესაძლებლობაა და არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს, მომავალი ჩვენ ხელშია, უბრალოდ მთავარია მართლა მოვინდომოთ!