MARIAM ABULADZE

MARIAM ABULADZE

Attended: Paris International Model Of United Nations 2018

Location: Paris, France

School: Tbilisi State University

Impressions:
პარიზის პროექტის მიმართ ძალიან დიდი მოლოდინები მქონდა. არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში მიმიღია მონაწილეობა, როგორიცაა European Compliance Benchmark, ინგლისის ნოტინგემის კოლეჯის მიერ ორგანიზებული NATO-ს მოდელირება, მაგრამ პარიზის გაეროს მოდელირებამ ყველაზე მაღალი სტანდარტები აჩვენა, როგორც აკადემიური, ისე საორგანიზაციო კუთხით. შემიძლია ვთქვა, რომ აკადემიური მხარე სრულყოფილი იყო, ორგანიზება კი იდეალური.

პირველ რიგში, მინდა იქაურ ღონისძიებებზე ვისაუბრო. მე მომავალი იურისტი ვარ და ძალიან მიხარია, რომ ამ კონფერენციაზე ჩემი მომავალი პროფესიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი გავიცანი. გარდა ამისა, იქ იყვნენ კომპიუტერული მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების სტუდენტები. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით საკუთარ გამოცდილებას, შეხედულებებს და ყველანი უკეთესი მსოფლიოს იდეის გარშემო ვიყავით გაერთიანებულნი. ვფიქრობ, რომ გვქონდა საერთაშორისო კავშირების დამყარების ყველაზე პრაქტიკული შესაძლებლობა, რაც მსგავსი პროექტების მთავარი ღირებულებაა.

ასევე, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მომავლის ლიდერების გუნდის ჩართულობა, რამაც პროექტის თითოეული ეტაპი ჩვენთვის განსაკუთრებული გახადა. ისინი მუდმივად გვამხნევებდნენ, გვაძლევდნენ საჭირო რჩევებს. ასეთი თანადგომა მოტივაციას საგრძნობლად გვმატებდა და უფრო მეტი მონდომებით ვცდილობდით ჩვენი შესაძლებლობების გამომჟღავნებას. თითოეული ჩვენგანი სავსე იყო სურვილით, რომ თავი დაგვემკვიდრებინა ჩვენს წინაშე არსებულ საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ვფიქრობ წარმატებით შევძელით.

ვთვლი, რომ მომავლის ლიდერები არის ორგანიზაცია, რომელიც რეალურად წარმოადგენს წარმატების პლატფორმას ახალგაზრდებისთვის. მსგავსი პროექტების მეშვეობით ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავება ხდება, რომლებიც ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანისთვის მნიშვნელოვანია: ლიდერობის უნარი, საჯარო გამოსვლის ხელოვნება, კომუნიკაციის დამყარება, გუნდური მუშაობა, თვითდამკვიდრება, საკუთარი შეხედულების ჯეროვნად დაცვა. შესაბამისად, ყველა სტუდენტს მოვუწოდებდი, გახდნენ „მომავლის ლიდერები“და დაინტერესდნენ მსგავსი ტიპის პროექტებით.

რაც შეეხება ჩვენს არააკადემიურ, სამოგზაურო აქტივობებს, არ ვიცი ამომწურავად როგორ გადმოვცე ის დადებითი მუხტი და შეგრძნებები, რაც მთელ გუნდს გვაერთიანებდა პარიზის ქუჩებში სიარულისას. ძალიან მიხარია, რომ ქართველი დელეგატები იმდენად დავახლოვდით და დავმეგობრდით, რომ მოგზაურობის ყოველი ახალი დღე უფრო და უფრო საინტერესო და სასიამოვნო ხდებოდა.

მსგავსი პროექტები გეხმარება, უკეთ გაიცნო საკუთარი თავი და აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები.
აუცილებელია თითოეულმა ახალგაზრდამ სწორად გამოიყენოს საკუთარი გონებრივი რესურსები საერთაშორისო თუ ეროვნული მასშტაბით არსებული რეალობის გასაუმჯობესებლად, რაც მიღწევადია მეტი აქტიურობით, საინტერესო და პროგრესული იდეების გაზიარებითა და მათ რეალიზებაზე ზრუნვით.