BAKAR PALAVANDISHVILI
Attended: Youth Assembly at the United Nations 2018
Location: New York, United States
School: Business & Technology University
Impressions:
ჩვენ ჩავედით ნიუ იორკში ერთი მიზნით: აღვსილნი ვიყავით იმ სულისკვეთებით, რომ ჩვენ, “მომავლის ლიდერები“, 2018 წლის ზამთრის ასამბლეაზე წარმოვადგენდით საქართველოს და უნდა გვეჩვენებინა მთელი მსოფლიოსთვის გაეროში, თუ რა პრობლემები გვაქვს, რა გადაწყვეტას ვხედავთ, საკუთარი ხმა მიგვეწვდინა და მათი აზრი გაგვეგო ამის შესახებ.
ჩვენ ჩავიტანეთ პროექტი, რომელიც წეროვანში აგვისტოს ომში დაზარალებული ოჯახებისთვის მულტიფუნქციური მაღალტექნოლოგიური ახლგაზრდული ცენტრის აშენებას ისახავდა მიზნად. ეს პროექტი გათვალისწინებული იყო 2000 ოჯახისთვის და დაეხმარებოდა დაახლოებით 9000 ადამიანს. განსაკუთრებული გამოწვევა იყო ჩვენი პროექტის ეფექტური წარდგენა ჟიურის წევრებისთვის და ძალიან მიხარია, რომ შევძელით ფინალურ ეტაპამდე მისვლა. მართალია, ამ ეტაპზე საბოლოო გამარჯვებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მჯერა, რომ მიღებული გამოცდილებით, აუცილებლად შევძლებთ ჩვენი პროექტის ბოლომდე მიყვანას.
ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო ახალი შესაძლებლობების დანახვა. კიდევ უკეთ გავიაზრე, როგორ შემიძლია, უფრო ეფექტურად წარვადგინო ჩემი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორ ვიღვაწო ქართველ ახალგაზრდებთან ერთად ისე, რომ უფრო მეტი ქმედითი დახმარება მივიღოთ მსოფლიოსგან და ქვეყანაში არსებული სიტუაცია გავაუმჯობესოთ სხვადასხვა კუთხით.
ვისურვებდი, რომ სამომავლოდ ქართული დელეგაციის რიცხვი გაიზარდოს გაეროში. ეს უდიდესი მასშტაბები, მუშაობის უშუალოდ ეს ფორმატი, ვფიქრობ, უდიდესი ხელშეწყობაა განვითარებისა და ლიდერად ჩამოყალიბებისთვის. ამაზე უფრო მნიშვნელვან საკეთებელს ახალგაზრდისთვის დღეს მსოფლიო ასპარეზზე, პირადად მე, ვერ ვხედავ.
ყველაზე რთული იმის გაანალიზება იყო, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ ნაკლებია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ცნობადობა, ამიტომ საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოწვევაა ჩვენი სამშობლოს პოპულარიზება, იმ საკითხების წამოჭრა გლობალური მასშტაბით, რაც ჩვენსავით პატარა ქვეყნისთვის აქტუალურია. განვითარებული ქვეყნებიდან ჩამოსული დელეგატების გამოცდილების გაზიარებამ, ჩემთვის ძალიან ნათელი გახდა, კერძოდ რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოებს დავეწიოთ.
ცალკე აღსანიშნავია „მომავლის ლიდერების“ ორგანიზატორების მხარდაჭერა. არასდროს დამავიწყდება პროექტის დახვეწაში ერთად გათენებული ღამეები. ჩვენმა პროექტმა შერჩევის 3 ეტაპი გაიარა და ამაში მართლა დიდი დახმარება გაგვიწია ჩვენთან ერთად მყოფმა „მომავლის ლიდერების“ გუნდმა, რათა პროექტს სრულყოფილი სახე მიეღო, სწორი ბიუჯეტირება გვქონოდა და შეცდომა არ გაგვპარვოდა.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პირებთან გვქონდა შეხვედრები. განსაკუთრებით გამოვყოფდი გაეროს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ნატა მენაბდეს, რომელიც საამაყო ქართველია. ჩვენ უშუალოდ ვესაუბრებოდით სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებს, მოვიპოვეთ მათი კონტაქტები და პირადად მე დღემდე მაქვს მიმოწერა სხვადასხვა შეთავაზებებზე.
ასევე გავიცანით სილიკონ ველის წარმომადგენლები და ჩემთვის ნამდვილად სასიხარულოა, რომ მათ გაგვიზიარეს კონტაქტები და გამოხატეს მომავალში თანამშრომლობის სურვილი.
ეს იმდენად სასიამოვნო და შთამაგონებელი გამოცდილება აღმოჩდა ჩემთვის, რომ ვაპირებ მომავლის ლიდერებთან ერთად თბილისისა და პარიზის პროექტებშიც მივიღო მონაწილეობა, აგვისტოში კი, დარწმუნებული ვარ, ახალი ენერგიით კვლავ ერთად გავემგზავრებით ნიუ იორკის ასამბლეაზე.
ჩემთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ სამყარო ერთი ორგანიზმია და ჩვენც მისი ნაწილი ვართ. ჩემი აზრით, ჩვენ არამარტო მომთხოვნი უნდა ვიყოთ საერთაშორსო თანამეგობრობებისგან, არამედ ვიფიქროთ იმაზეც, თუ რა შევმატოთ ჩვენი მხრიდან, როგორ მოვახმაროთ ჩვენი გამოცდილება, ჩვენი ცოდნა, ჩვენი სულისკვეთება.
მინდა, ერთი რამ ვთქვა – ძალიან მიყვარს ჩვენი კონსტიტუციის პირველი სიტყვები: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი“… დიახ, სწორედ ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიქცეთ იმ ცვლილებებად, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყნის ახლანდელ და შემდგომ თაობებს ბედნიერი მომავლისთვის.
და ბოლოს, მსურს მომავალ დელეგატებს მეტი გამბედაობა და თავდაჯერებულობა ვუსურვო. არა მარტო ჩვენთან, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც არსებობს შეხედულება, რომ თუ ადამიანმა ათჯერ განიცადა მარცხი, ის მუდამ წარუმატებელი იქნება. ჩემი აზრით, ეს სტერეოტიპი აშშ-მ დაამარცხა. ჩემთვის მისაბაძი პიროვნებაა ელონ მასკი, ადამიანი 83 წარუმატებელი სტარტაპით, 3-ჯერ მილიარდებიდან სრულიად გაბანკროტებული და მაინც დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინვესტორი მსოფლიოში. მისი სიტყვები ყველაზე დიდი მოტივატორია ჩემთვის: „როცა რამე საკმარისად მნიშვნელოვანია, მას აუცილებლად ვაკეთებთ, მაშინაც კი, თუ ყველაფერი საწინააღმდეგოს მიუთითებს.“
მთავარია, ჩვენ გვჯეროდეს იმის, რასაც ვემსახურებით, მზად ვიყოთ, ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის და დანარჩენი აუცილებლად გამოვა! მომავალი ჩვენია!