GIORGI ADEISHVILI

GIORGI ADEISHVILI

Attended: Barcelona International Model Of United Nations 2018

Location: Barcelona, Spain

School: Free University Tbilisi

Impressions:
არც თუ ისე დიდი ხნის წინ საკუთარ თავში გავეცი პასუხი ისეთ ნიჰილისტურ კითხვას, როგორიცაა: საერთოდ რატომ უნდა გავაკეთო რამე, იქნებ ამ სამყაროში ყველაფერი უაზროა?
ამ საკითხის შინაგანად გადაწყვეტაში იმის გააზრება დამეხმარა, რომ მსოფლიო მუდმივად წინ მიდის, შეუძლებელია არ შეამჩნიო უზარმაზარი პროგრესი. დღეს მეცნიერებას აქვს უამრავი პასუხი კითხვებზე, რომლებიც სრულიად გაურკვეველი იყო წარსულში. კაცობრიობა ახალი იდეებითაა სავსე, ცოდნა წარმოუდგენლად იმატებს. შეიძლება ეს ცოდნა უსასრულოა, მაგრამ რა იქნება თუ კი ის სასრულია? მაშინ, ოდესმე ჩვენ ყველაფერს გავიგებთ და მგონია, რომ ადამიანის არსებობის საზრისის კონკრეტულ განმარტებასაც ვიპოვით.
ჩვენ კი ჩვენი აქტიურობით შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ ამ დიდ მოგზაურობაში. იმის გააზრება, რომ არსებობს შესაძლებლობა, პატარა ადამიანები ჩავწვდეთ სამყაროს უდიდეს საიდუმლოებებს, ჩვენში აღფრთოვანებას უნდა იწვევდეს.

ძალიან საინტერესოა განვითარების ამ გზაზე ლიდერის როლში ყოფნა.
ლიდერი სჭირდება ყველანაირ საქმეს. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ლიდერისთვის აუცილებელია იყოს საქმის ღრმად მცოდნე, კომპეტენტური კონკრეტულ სფეროში. იმისათვის, რომ გუნდის წევრებს გაუკვალოს გზა, საჭიროა, ჯერ თავად იცოდეს საითკენ მიდის.

მართალია ცოდნა ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, მაგრამ არა საკმარისი. მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის კომუნიკაციის კარგი უნარი. ვფიქრობ, აუცილებელია, ლიდერმა თანაგუნდელებს დაანახოს ნდობა, დაარწმუნოს თუ რამდენად სჯერა თითოეული მათგანის. ეს მთავარი მოტივაციაა. თუ გუნდში ნდობა არაა, კოოპერაცია ვერ შედგება, შესაბამისად ეფექტიანობაც მნიშნელოვნად დაიკლებს.

ამასთანავე, ერთ-ერთი გადამწყვეტია თანაგრძნობა, გაგების უნარი. თუ კოლეგამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ლიდერს უნდა შეეძლოს, რომ დატუქსვის ნაცვლად იგი გაამხნევოს. მაგალითად, მსგავს შემთხვევებში, კარგი ლიდერები საკუთარ გამოცდილებას იხსენებენ და ადრე განცდილი მარცხის შესახებ უყვებიან წარუმატებელ თანაგუნდელს. მარცხი ხომ ტრაგედია არაა და მსგავსი რამ შეიძლება ყველას მოუვიდეს!
როცა გუნდის წევრებს ჩაჭრა არ აშინებთ, თავს ლაღად გრძნობენ, საქმე გაცილებით წარმატებულად მიდის. სტრესის მოხსნის უნარი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ლიდერს შეიძლება ჰქონდეს.

მინდა, შევეხო კონფუცის გამოცდის მოდელს, რომლის მიხედვითაც თანამდებობის წევრები ჩაჭრის შემთხვევაში 1 საფეხურით ქვეითდებოდნენ, წარმატების დროს კი ერთი საფეხურით წინაურდებოდნენ. ხშირ შემთხვევაში დღევანდელი მუშაობის სისტემა ამ მოდელს მხოლოდ წარუმატებლობის ნაწილში იმეორებს, კარგად შესრულებული სამუშაოს შემთხვევაში კი ინდივიდი, უმეტესად იმავე ადგილას რჩება, სადაც იქამდე იყო.
კარგმა ლიდერმა კი თანაგუნდელს უნდა ჩაუნერგოს წინსვლის განცდა, დაანახოს ახლო პერსპექტივაში მიღწეული ხელშესახები პროგრესი და აჩვენოს, რა მნიშვნელოვნად გაიზარდა იგი როგორც პროფესიონალი.

და რაც ყველაზე მთავარია – სიმამაცე! ლიდერი არ შეიძლება უშინდებოდეს გამოწვევებს, შეუძლებელია ემორჩილებოდეს სტერეოტიპებს, პირიქით, მან ყველა სტერეოტიპი უნდა დაანგრიოს. მგონი ეს დღეს ყველაზე უკეთ ელონ მასკს ესმის, რადგან მან წარმატების შესახებ არსებული თითქმის ყველა სტერეოტიპი დაარღვია. ყველა ბიზნესი მარსზე გაფრენას შესწირა, მაგრამ დღეს კიდევ უფრო გავლენიანი პირია, ვიდრე მანამდე იყო. მისი, როგორც თანამედროვეობის ლიდერის ისტორია, ჩემთვის ყველაზე უფრო შთამაგნებელია.

მაგრამ იმსათვის, რომ მსოფლიო ასპარეზზე წარმატების მოპოვება შეძლო, უპირველეს ყოვლისა, ამ ასპარეზზე გასვლაა საჭირო. ჩემმა პირველმა საერთაშორისო გამოცდილებამ ბარსელონაში ბევრი ახალი შესაძლებლობა დამანახა.
„მომავლის ლიდერებთან“ ერთად პირველად წარვსდექი მსოფლიოს ამდენი ქვეყნიდან შეკრებილი აუდიტორიის წინაშე. ასეთ დროს გარდა იმისა, რომ უშუალო კომუნიკაციას ამყარებ არაერთი ეროვნების ადამიანთან, საშუალება გეძლევა სიტყვით გამოხვიდე და საკუთარი სათქმელი საჯაროდ გადასცე შენგან სრულიად განსხვავებულ პირებს. ეს სეიორზული მიღწევაა.

წარმოიდგინეთ, აუდიტორიის წინაშე სიტყვის წარმოთქმის თვით მარკ ტვენსაც კი ეშინოდა. ის ხომ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ორატორად მიიჩნევა. როგორ მოახერხა მან საკუთარი კომპლექსის დაძლევა? ჩემი აზრით, შიში იმ დროს მარცხდება, როცა ბევრჯერ გიწევს მის პირისპირ მარტო დარჩენა. როცა იძულებული ხარ კიდევ და კიდევ წარდგე პუბლიკის წინ, ბოლოს და ბოლოს ვარჯიშდები, შესანიშნავად იაზრებ ნაკლოვანებებს და პოულობ მათი გამოსწორების გზებს.

გაეროს მოდელირებაზე ათჯერ და უფრო მეტჯერაც გიწევს საკუთარი სათქმელის დაფიქსირება. ნელ-ნელა საჯარო გამოსვლა უკვე ჩვეულებრივი ამბავი ხდება, აღარ ნერვიულობ, სიტყვებს ალაგებ და საბოლოოდ ყველაფერი მშვენივრადაა.
ამ კომპლექსის დაძლევის გარდა, მსგავსი პროექტები ძალიან ინფორმატიული და მნიშვნელოვანი ცოდნის დაგროვების საშუალებას გაძლევს.
შენ გლობალურ საკითხებზე მსჯელობ, ცდილობ, იპოვო უდიდესი პრობლემების გადაჭრის გზები. ამ დროს მთელი მსოფლიოდან მოსული ადამიანების იდეებს ეცნობი, ბევრჯერ შეიძლება საკუთარ თავს უთხრა: კი მაგრამ, ეს როგორ ვერ მოვიფიქრე?!
გუნდურ მუშაობაში შენ უამრავ სხვა, შენთვის აქამდე უცნობ აზროვნების სისტემას ეცნობი, ისმენ ალტერნატიულ მოსაზრებებს, ეჩვევი საწინააღმდეო შეხედულებების მოსმენას, იწყებ გარემოს ახლებურად შესწავლას და მრავალფეროვნებას მეტი გაგებით ეკიდები.
ამასთან ერთად, უცხო ქვეყანაში მეტწილად მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ხარ. შესაბამისად გაცილებით გიმახვილდება დამოუკიდებლობის განცდაც. ეს კი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია.

ჩემი გულწრფელი რჩევაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს ასეთი ტიპის პროექტებში მონაწილეობა, ეს არის შანსი დაძლიო ბევრი დაბრკოლება და გახდე საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.
შიში, ეს არის ილუზია, რომელსაც გამოცდილება შლის! მთავარია ვარჯიში!