GIORGI CHKUASELI

GIORGI CHKUASELI

Attended: Barcelona International Model Of United Nations 2018

Location: Barcelona, Spain

School: Agricultural University of Georgia

Impressions:
ჭიქა ყოველთვის სავსე არ არის – და ამის სწორ დროს სწორად აღქმა ჩემთვის სიტუაციაზე გამარჯვებას ნიშნავს. მდგომარეობის ადეკვატური შეფასება – აი, რა არის ნებისმიერი ადამიანისთვის, და მით უმეტეს ლიდერისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით, მომავლის ლიდერი არის ადამიანი, რომელიც გუნდში წინა ფლანგზე იბრძვის და არა ის, ვინც გვერდიდან გასცემს დირექტივებს. ლიდერის მთავარი თვისებაა გახდეს თანაგუნდელების მოტივატორი, შეძლოს, რომ თვით ყველაზე ცუდ დროს ყველაზე კარგი რესურსები წამოწიოს წინ.

ჩემთვის პირველი საერთაშორისო არენა იყო ბარსელონას გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც „მომავლის ლიდერებთან“ ერთად მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ მსგავს პროექტებში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალგაზრდისთვის, რომელსაც მასშტაბური წარმატების მიღწევა სურს.

პირველი, რაც თავში მომდის, როცა მიღებულ გამოცდილებაზე ვფიქრობ, არის ის, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი ყველაზე ეფექტურად გიწყობს ხელს, დაამსხვრიო საკუთარი ნაჭუჭი და მისცე თავს გამოწვევებთან შეგებების საშუალება. უნდა გატყდეს ჩვენი, ასე ვთქვათ, „დამცავი გარსი“, რომლითაც შინაგანად გადასალახი დაბრკოლებების აშორებას ვდილობთ. ამისთვის კი ზედგამოჭრილი საშუალებაა უცხო გარემოში თვითრეალიზება.

ამ მხრივ, პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო კონფერენციის პირველი დღე, როცა უშუალოდ მომიწია საკუთარი აზრის დაფიქსირება უამრავი უცნობი ადამიანის წინაშე. მართალია საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ვაღიარებ, ნამდვილად ვგრძნობდი შიშს, ვნერვიულობდი – ვაითუ სისულელედ მოეჩვენოთ ჩემი მოსაზრება, ან იქნებ საკმარისად დამაჯერებლად ვერ ჩამოვაყალიბო, სულაც უნებურად რამე ენობრივი შეცდომა არ დავუშვა-მეთქი. მაგრამ პირველივე დღეს შევძელი გადამებიჯებინა ამ შიშებისთვის, რათა უკეთ გამეცნო ჩემი რეალური შესაძლებლობები.

ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო, როცა ჩემ მიერ შეთავაზებულმა მიდგომამ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უმრავლესობის მოწონება დაიმსახურა. ერთ-ერთი კომიტეტის ჩეარმა ისიც კი მითხრა, აქამდე მსგავსი კუთხით არავის გვიფიქრია აქო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული აღმოჩნდა ჩემთვის და იმავე დღეს შევძელი გამოვსულიყავი სიტყვითაც მთელი აუდიტორიის წინაშე, რაც იქამდე თითქმის წარმოუდგენელი მეგონა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მსგავსი საერთაშორისო პროექტები საუკეთესოდ გეხმარება აიმაღლო თვითშეფასება. უბრალოდ, მთავარია, გქონდეს შინაგანი მზაობა, რომ მაქსიმალურად ეცადო საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვას. დანარჩენი, ყველაფერი იდეალურად იქნება.

როცა წარმატებაზე ვლაპარაკობ, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ჩემთვის უპირველესი მოტივაციის წყარო ჩემი მშობლები არიან. ყველაზე შთამაგონებელ ცხოვრებისეულ მაგალითს სწორედ ისინი მაძლევენ. ყოველთვის ვცდილობ ჩემი მიღწევები მამაჩემის განვლილ გზას შევადარო, რომელიც დღემდე რჩება ყველაზე ახალგაზრდა მინისტრად საქართველოს ისტორიაში. მინდა არ ჩამოვრჩე მის წარმატებებს. მისი სახით, ჩემ წინაშე სანიმუშო პიროვნება დგას. დედა კი მუდმივად გვერდში მიდგას, სულ მიმეორებს, რომ არ უნდა მოვდუნდე, რომ მთავარია წინსვლა და განვითარება. ის არასდროს მაძლევს დანებების საშუალებას. ბედნიერი ვარ რომ ასე გამიმართლა.

მჯერა, რომ თითიეულ ჩვენგანს, რა განსხვავებულ პირობებშიც არ უნდა გვიწევდეს ყოფნა, ერთნაირად უსაზღვრო შესაძლებლობები გვაქვს. თუმცა, ყოველთვის მახსოვს აინშტაინის სიტყვები: „თუ ჩვენ შევაფასებთ თევზს იმის მიხედვით, რამდენად აქვს მას ხეზე ასვლის უნარი, ის თავს მთელი ცხოვრება იდიოტად ჩათვლის.“

დიახ, ყველაფერი ადეკვატური შეფასების წერტილიდან იწყება. მთავარია, ფხიზელი გონებით გავიაზროთ, რის კეთებას გვთხოვს ჩვენი შინაგანი სამყარო, საითკენაა მიდრეკილი ჩვენი სწრაფვა, მუდმივად ვეცადოთ ახალ-ახალი გზების ძიებას, რათა ბოლომდე გავიცნოთ საკუთარი თავი და სრულყოფილად შევძლოთ თვითრეალიზება. მომავალი ჩვენ გვეკუთვნის!