MARIAM ODIKADZE
Attended:
Oxford International Model Of United Nations 2017
European Students For Liberty London Regional Conference 2017
European Students For Liberty Tbilisi Regional Conference 2017
Students For Liberty LibertyCon 2018
Location:
Oxford, London, United Kingdom.
Tbilisi, Georgia.
Washington DC, United States
School: Tbilisi State University
Impressions:
ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი აშშ-ში. ამ მოგზაურობაში ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი LibertyCon-ის კონფერენციის მასშტაბი აღმოჩნდა. „მომავლის ლიდერებთან“ ერთად მსგავს პროექტებში ადრეც მიმიღია მონაწილეობა, როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე თბილისში. ვაშინგტონის ეს უზარმაზარი კონფერენცია კი უანალოგო აღმოჩნდა მონაწილეთა მრავალრიცხოვნებით. ჩვენ საშუალება გვქონდა, თვალი გვედევნებინა ძალიან საინტერესო გამოსვლებისთვის, მიგვეღო მრავალფეროვანი ინფორმაცია საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე, როგორიცაა თავისუფლების იდეა, თანასწორობა.
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს კონფერენცია დამეხმარა უკეთ გამეანალიზებინა, რა მაქვს საკუთარ თავში გასაუმჯობესებელი. მაგალითად: მეგონა, რომ ინგლისურს ძალიან კარგად ვფლობდი, მაგრამ როცა სპიკერების გამოსვლებს ვუსმენდი, მივხვდი, რომ ჩემი ცოდნა არ შეესაბამებოდა პროფესიონალურ დონეს – იმისათვის, რომ სრულყოფილად ჩავწვდე მოხსენებებს, სპეციფიური ტერმინოლოგიის უფრო ღრმა ცოდნა მესაჭიროება. სპიკერების ბრწყინვალე საუბარმა სწორედ ამის მოტივაცია გამიჩინა – კიდევ უფრო ავიმაღლო ინგლისური ენის დონე, რათა სულ მალე, თავად შევძლო ასეთი შთამბეჭდავი, მაღალპროფესიონალური გამოსვლების მომზადება.
გარდა ამისა, იმაშიც დავრწმუნდი, რომ მსგავსი პროექტები უამრავ ახალ გზას ხსნის შენ წინაშე. გასაკუთრებით მაშინ, თუ საზღვარგარეთ აპირებ სწავლის გაგრძელებას. პირველ რიგში იმიტომ, რომ საშუალება გაქვს გაიცნო ბევრი ადამიანი, რომლებიც გაწვდიან უამრავ ინფორმაციას სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ. ამასთანავე, თითქმის ამომწურავად ეცნობი იმ უცხო გარემოს, სადაც მომავალში ყოფნა და სწავლა მოგიწევს. ამიტომაც, სტუდენტისთვის, რომელიც სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას გეგმავს, „მომავლის ლიდერების“ მიერ შემოთავაზებული პროექტების მსგავსი შესაძლებლობები, ვფიქრობ, რომ ყველაზე ხელსაყრელია.
ახალ კონტაქტებს, ამ პრაქტიკულ სარგებელთან ერთად, უამრავი დადებითი ემოცია მოაქვს. იცნობ სრულიად განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების ადამიანებს, რომელბიც ჩამოსულები არიან იმ ადგილიდან, სადაც შენ არასდროს ყოფილხარ და შეიძლება, ცხოვრებაში ვერასოდეს მოხვდე. ეს ადამიანები გიყვებიან საკუთარ ყოფაზე, გარემოზე, მისწრაფებებზე. ეს ნაცნობობა იმდენად ბევრ სიახლესთან გაზიარებს, პიროვნულად გზრდის და ერთგვარად მსოფლიო მოქალაქედ გაქცევს. ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანი გავიცანი და საკმაოდ ბევრთან დავმეგობრდი კიდეც. რამდენიმე მათგანი ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანად იქცა.
ისინი დამეხმარნენ მომეხსნა ენის კომპლექსი, გადამელახა ენობრივი ბარიერი. ისინი მასწავლიდნენ საინტერესო ტერმინებს, მაძლევდნენ რჩევებს, მისწორებდნენ შეცდომებს და დღითი-დღე თვალნათლივ ვხედავდი, როგორ უმჯობესდებოდა ჩემი ცოდნა და უფრო საინტერესო ხდებოდა ურთიერთობებიც.
აქვე, მომავალ დელეგატებს ვურჩევდი, კონფერენციის წინ კარგად გაეცნონ დაანონსებულ საკითხებს, სიღრმისეულად შეისწავლონ თემები და მომზადებულნი წარგდნენ მსოფლიო ასპარეზზე. წინასწარი მუშაობა და განსახილველ საკითხებში გათვითცნობიერება ძალიან დაგეხმარებათ უფრო ეფექტურად წარმოაჩინოთ როგორც თქვენი თავი, ისე სრულიად საქართველო. კონფერენციები, ასამბლეები თუ სხვა პროექტები, რომლებისთვისაც „მომავლის ლიდერები“ დელეგატებს არჩევენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყველაზე ძლიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს აერთიანებს, შესაბამისად, მსოფლიო მასშტაბით წარმატების მისაღწევად კარგი წინასწარი მომზადებაა საჭირო. როცა მყარად ხარ, დარწმუნებული საკუთარ ცოდნაში და სათქმელს უზარმაზარ აუდიტორიას შთამბეჭდავად უზიარებ – ეს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო შეგრძნებაა.
ძალიან მომეწონა კონფერენციაზე მოსმელინი ერთი ფრაზა: „როდესაც ადამიანი ცდილობს მიიღოს უფრო მეტი, ვიდრე სჭირდება, ეს უკვე სიხარბეა.“ მგონია, რომ ეს პრობლემა გვაქვს ზოგადად. ხშირად მეც გამომიჭერია ჩემი თავი, ისევე როგორც სხვები, როგორ ვცდილობთ ყველანაირი რესურსი მოვახმაროთ არა იმას, რაც რეალურად გვჭირდება, არამედ იმას, რაც სხვებისთვის დასანახადაა განკუთვნილი. მგონია, რომ ეს ძალიან გვიშლის ხელს. კარგი იქნება გავიაზროთ, რომ კარგად ყოფნისთვის, არ არის საჭირო რამით ვაჭარბებდეთ სხვებს.
მთავარია, ყველა ვისწრაფოდეთ შინაგანი თავისუფლებისკენ.
ამ მოგზაურობით მიღებულმა შთაბეჭდილებებმა კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ლიდერობა არც სუბორდინაციულ სისტემაში ზედა საფეხურზე ყოფნას, არც ჯგუფში პირველობას ნიშნავს – ლიდერობა პირველ რიგში, საკუთარი თავის ფლობა და პირადი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებაა.
დიახ, ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიყოთ მომავლის ლიდერები, შევძლოთ და ჩვენი მიზნების აღსრულებისკენ მივმართოთ ჩვენი მომავალი. ამისათვის კი მთავარია, კარგად გავიაზროთ რა გვჭირდება და რა გვაბედნიერებს ყველაზე მეტად!