NUCA GOCADZE

NUCA GOCADZE

Attended: Barcelona International Model Of United Nations 2018

Location: Barcelona, Spain

School: Agricultural University of Georgia

Impressions:
ლიდერობა ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, არის უნარი, აღმოაჩინო საკუთარ თავში დიდი პასუხისმგებლობის აღების სურვილი და ძალა. მომწონს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება გამოწვევის წინაშე და ყოველთვის, როცა ჯგუფში ვერ ვხედავ ისეთს, ვინც ჩემზე უკეთ გაართმევს ამოცანას თავს, ვცდილობ, მოვირგო ლიდერის როლი და არ შევუშინდე დაბრკოლებას. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოს ხდის სამუშაო პროცესს, საკუთარ თავში უფრო მეტის აღმოჩენის საშუალებას მაძლევს. თუმცა, იმის უნარიც მაქვს, რომ ეს ასპარეზი სხვას დავუთმო, თუ კონკრეტულ შემთხვევაში ის კომპეტენტურ უპირატესობას ფლობს.
დიახ, კომპეტენტურობა უაღრესად მნიშვნელოვანი მახასიათებელია ლიდერისთვის.

გარდა ამისა, აუცილებელია, გააჩნდეს ადამიანური ურთიერთობის დამყარების განსაკუთრებული უნარი – შეძლოს მაქსიმალურად კარგის დანახვა, ნებისმიერ შემთხვევაში იპოვოს თანაგუნდელის საუკეთესო თვისებები და წინა პლანზე წამოწიოს.
საკუთარი პრაქტიკიდან ერთ რამეს მივხვდი: როცა აანალიზებ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო რაღაც არ გამოდის, საქმე ცუდადაა, გუნდი ვეღარ მუშაობს, შინაგანი მდგრადობა იკარგება წევრებში, მაშინვე უნდა გაიაზრო, რომ ეს კრიტიკული მომენტია და ხვალ აუცილებლად გვიან იქნება. ამიტომაც, იმავე წამში უნდა მობილიზდე მაქსიმალურად და ეცადო, ნებისმიერი გზით აუმაღლო დანარჩენ წევრებს მოტივაცია, დაანახო მათ თუ რა ძვირფასია ერთად შექმნილი, რათა ერთობლივად გადაარჩინოთ განადგურებას თქვენი ნამუშევარი. თუ ასე არ მოხდა და ლიდერი დააგვიანებს, ყველაფერი წყალში ჩაიყრება. ალღო – აი რა სჭირდება ნამდვილ ლიდერს!

უმთავრესი კი მაინც შეცდომის აღიარების უნარი მგონია. ლიდერი არ არის ის, ვინც მოტივაციის ამაღლებას დაუმსახურებელი ქებით, არაადეკვატური დაფასებით ცდილობს, არამედ ის, ვინც თამამად აღიარებს, რომ რაღაც გაფუჭდა. თუმცა, ცხადია, ამის გამო დამნაშავედ არავინ უნდა გამოცხადდეს, პირიქით, ლიდერმა უზრუნველყოს, რომ ერთიანი ძალებით და შემართებით მოგვარდეს პრობლემა.

კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი ნიშანთვისება, რომელიც ლიდერს უნდა გააჩნდეს, არის ფართო აუდიტორიასთან კომუნიკაციის წარმართვის უნარი. ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც განსაკუთრებული ცოდნით გამოირჩევა, მაგრამ, როგორც კი ფართო მსმენელის წინაშე წარდგომა უწევს, ძალიან იბნევა, ვერ ახერხებს გადმოცემას. თუ ეს არ გამოსწორდა და კომუნიკაციის უნარები მნიშვნელოვნად არ დაიხვეწა, მგონია, რომ ის ლიდერად ვერასდროს შედგება. საჭიროა ხშირი ვარჯიში და გამოცდილების დაგროვება. პირადად ჩემთვის ამ მხრივ საუკეთესო შესაძლებლობა იყო ბარსელონას გაეროს საერთაშორისო მოდელირება, სადაც „მომავლის ლიდერებთან“ ერთად აბსოლუტურად უცხო აუდიტორიის წინაშე მიწევდა საკუთარი სათქმელის დაფიქსირება.

ზოგადად, მსგავსი ტიპის პროექტები, ბევრი საინტერესო ნიშნით გამოირჩევა. აქ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ახალგაზრდები, რომლებიც თუნდაც ასაკის გამო ყველაზე მეტად ღია არიან სამყაროს მიმართ, მოჭარბებული აქვთ შემეცნების სურვილი, არ არიან კლიშეებში მოქცეულნი და ქმნიან საოცრად მრავალფეროვან პუბლიკას. შენ კი გეძლევა საშუალება, მათთან გაცვალო გამოცდილბა და იდეები. ეს საოცარი შესალებლობაა. თუმცა აქ ყველაზე მეტი შანსია, რომ დაიბნე, ვერ მოახერხო შენი პოზიციის ეფექტურად გამოხატვა. მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. ასეთი კომპლექსის გადალახვა, პირიქით, მასთან თვალის გასწორებით და მუდმივი მცდელობითაა შესაძლებელი. ეს გამოწვევაა, რომელიც გეხმარება თვითგამოხატვის ინდივიდუალური, მხოლოდ შენთვის დამახასიათებელი და შესაბამისად ყველაზე შთამბეჭდავი ხერხი იპოვო.

პირადად მე, ბავშვობინად ვმღეროდი და არ იყო უცხო ბევრი მსმენელის წინაშე გამოსვლა, თუმცა ამ კონფერენციაზე მიხვდი, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი იმისათვის, რომ ვიპოვო სათქმელის გადომცემის ჩემეული გზა. სხვებზე დაკვირვებით, საკუთარ თავში ჩაღრმავებით, უშუალო მცდელობით, კონფერენციის მომდევნო დღეებში აზრის ისე ჩამოყალიბება შევძელი, რომ მაქსიმალურად სწორად მიმეტანა პუბლიკასთან. ვიცი, რომ შემდეგ ჯერზე, კიდევ უკეთ გამომივა და საბოლოოდ ვიპოვი ჩემთვის საუკეთესო ხერხს მსოფლიოსთან კომუნიკაციისათვის, ეს კი თანამედროვე სამყაროში ყველაზე დიდი მიღწევა მგონია.
მთავარია, არ გვეშინოდეს გარისკვის. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი მარცხი, რომელიც სხვას არ განუცდია, ისე ვერ წაიქცევი, როგორც სხვა არ წაქცეულა. ამიტომ, უკან დახევა არ ღირს.

ამასთანავე, მთავარი მოტივაცია, თითოეული ჩვენგანისთვის უნდა იყოს ის ჭეშმარიტება, რომ ყოველთვის არსებობს ხვალინდელი დღე! ხვალინდელი დღე კი უსაზღვრო შესაძლებლობების ზღვაა. მე ამ შემართებით ვცხოვრობ: თუნდაც წავიქცე, მაინც ყველაფერს გავაკეთებ დღეს იმისთვის, რომ განვვითარდე, იმიტომ რომ მჯერა, ხვალ მომეცემა შანსი გავაკეთო იგივე ისე, რომ აღარ წავიქცე! მთავარია გადავდგათ ნაბიჯები, არ გავიყინოთ ერთ ადგილზე და მუდმივად ვეცადოთ თვით-განვითარებას. მოძრაობა ყველაზე უფრო ფასეული რამაა!